შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ს.ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, სასაზღვრო გამშვები პუნქტი "სარფის" ტერიტორიაზე დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი "სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი შემოწმების შედეგად, რომელიც საქართველოში სატვირთო ავტომობილით შემოვიდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - 1796 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
პოლიციამ ს.ი. ბრალდებულის სახით დააკავა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.